Wednesday, January 13, 2016

ფრანსუა რაბლეს განჩინება

„გარგანტუა & პანტაგრუელი“



ვიმედოვნებ, უფალი გვხედავს, რა ღრმა რწმენითაც მივმართავთ, ჩვენთა ლოცვათ გაიგონებს და სურვილსა ჩვენსა შეგვისრულებს. მითუმეტეს, სურვილი ესე ზომიერია.ზომიერება ძველთა ბრძენთაგან ოქროდ, ანუ დია ძვირფასად, ყოვლადსაქებლად და ყოველგან ერთობ გულისგასახარად იყო სახელდებული”.
ფრანსუა რაბლე

რენესანსის ეპოქის საფრანგეთის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მწერალი და ჰუმანისტი გახლდათ ფრანსუა რაბლე, ავტორი ცნობილი რომანისა „გარგანტუა და პანტაგრუელი“. იმ ფაქტმა, რომ მწერალმა ადრევე მიიღო საეკლესიო განათლება დიდი როლი ითამაშა რაბლეს აზროვნების ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან კარგად  ილუსტრილებულია მის რომანშიც. რაბლე ფრანგულ ლიტერატურაში ახალ ეპოქას უდებს სათავეს. მის გიგანტურ პერსონაჟებში წარმოდგენილია ის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც ზოგადად ადამიანში იმალება. მისი მსოფლმხედველობის ამოსავალი წერტილი სწორედ ადამიანისადმი რწმენაა. ფრანსუა რაბლე ევროპული ლიტერატურის ფუძემდებელი გენიოსების: ჰომეროსის, დანტესა და შექსპირის გვერდით დგას. მიხაილ ბახტინის სიტყვებით რაბლემ არსებითად განსაზღვრა არა მხოლოდ ფრანგული ლიტერატურისა და ფრანგული ლიტერატურული ენის მომავალი, არამედ მსოფლიო ლიტერატურის მომავალიც (ალბათ, არანაკლებ, ვიდრე სერვანტესმა). ხოლო მილან კუნდელა დასძენს, რომ  რაბლემ სერვანტესთან ერთად შექმნა ახალი ხელოვნება, რომანის ხელოვნება.

რა თქმა უნდა, როდესაც მკითხველი ეცნობა მის ამ შესანიშნავ რომანს მასში დიდი დოზით იგრძნობა ავტორის საზრიანობა, მისი ერუდირებულობა და იუმორის გასაოცარი გრძნობა. თავისი რომანით იგი მოხერხებულად აკრიტიკებს და აპროტესტებს ეპოქის ყოფიერებას. რაბლეს ეს მარგინალიზმი წარმოშვა ეპოქის იმ მანკიერმა თავისებურებებმა, რამაც ავტორში გააღვიძა და უფრო მეტიც მოაძალა ეს გრძნობები. შეუძლებელია განვიხილოთ მისი რომანი იმ ეპოქის გარეშე, რომელმაც შვა ფაქტობრივად მისი მსგავსი გენიოსები. შეიძლება ითქვას, რომ ეპოქა, რომლის დროსაც მოუწია მწერალს ცხოვრება ეს იყო „კონფლიქტის საუკუნეც“, რომლის დროსაც რელიგიური მრწამსი იარაღის ხელში ასაღებად საკმარის და ძლიერ მოტივად იქცა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ომის ერთადერთ მიზეზს როდი წარმოადგენდა. რომანში კარგად ჩანს ავტორის კოორდინირებულობა მრავალმხრივ, თუმცა განსაკუთრებით რელიგიურ ასპექტში და ეს გასაგებიცაა, რადგან ამის საშუალებას მას თავისი წარსული აძლევს, მისი ცოდნა და განათლება ღვთისმეტყველებაში, სამართალმცოდნეობასა და მედიცინაში. იგი ადრეული ასაკიდან მიაბარეს ეკლესიას, მაგრამ  რაბლე მალევე 1530 წლისათვის ანებებს თავს ბერობას და დაინტერესებას გამოხატავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფეროების მიმართ, როგორიც იყო სამართალმცოდნეობა და მედიცინა. იგი თეორიიდან პრაკტიკაზე მალევე გადადის და უკვე 1532 წლისათვის იწყებს მუშაობას ექიმად ლიონში. რაბლე ამასთანავე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ადამიანის სხეულის გაკვეთაზე ჩაატარა ცდები. ამავე დროს, ის ლათინურ ნაშრომებს არედაქტირებს მბეჭდავი სებასტიან გრიპიუსისთვის. თავისუფალ დროს ის  პამფლეტებს აქვეყნებდა, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს აკრიტიკებდა და პიროვნების თავისუფლებაზე საკუთარ შეხედულებებს წერდა. ფსევდონიმით ალკოფრიბას ნაზიერი  1532 წელს რაბლე აქვეყნებს საკუთარ პირველ ნაწარმოებს პანტაგრუელი, რაც მისი "გარგანტუას" სერიის დასაწყისი გახდა. მიუხედავად ნაწარმოების დიდი პოპულარობისა, ის  სორბონის უნივერსიტეტმა  და კათოლიკურმა ეკლესიამ მაშინვე აკრძალეს. ამის შემდეგ რაბლე ბიძამისსკარდინალ ჟან დიუ ბელეის მიჰყვება ტურინში, სადაც მდივნად და ექიმად მუშაობს ბელეის ძმა, გიიომთან, ერთად მცირე ხნით. ამ პერიოდში მას მალულად უწევს ცხოვრება ერეტიკოსად შერაცხვისგან თავის ასარიდებლად. სორბონის მიერ მისი რომანის დაგმობის შემდეგ მას მხოლოდ დიუ ბელეის პროტექცია იცავს. 1534 წელს გამოვიდა გარგანტუა“, რომელიც პირველი ნაწარმოების მსგავსად აკრძალულ იქნა. რაბლე იძულებული გახდა საფრანგეთიდან წასულიყო და 11 წლის მანძილზე თავი შეეკავა ყოველგვარი პუბლიკაციისგან. ამ წლების განმავლობაში იგი იტალიაში მოგზაურობდა, ცდებს ატარებდა და მედიცინას ასწავლიდა. 

რაბლეს რომანმა პანტაგრუელზე, კეთილ მეფე-გოლიათზე, გამოსვლისთანავე საოცარი პოპულარობა მოიპოვა. კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალა. თუმცა თხზულება ფარულად ვრცელდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. რაბლე 1546 წელს დაბრუნდა საფრანგეთში და გამოსცა რომანის მესამე წიგნი, 1552 წელს კიმეოთხე, თანაც საკუთარი სახელით. საქმე ის იყო, რომ საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I-მა ამის საგანგებო უფლება მისცა. გავლენიანი მფარველები რომ არა (არისტოკრატების გარდა, მათ შორის ეპისკოპოსებიც იყვნენ), რაბლეს უთუოდ ინკვიზიციის ტრიბუნალი გაასამართლებდა. რაც შეეხება რომანის მეხუთე წიგნს, ის რაბლეს გარდაცვალების შემდეგ, 1564 წელს გამოსცეს. მეცნიერთა ვარაუდით, მისი დიდი ნაწილი რაბლეს დაწერილი არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, ვიღაცამ გააგრძელა და გაასრულა წიგნი ავტორის ჩანაწერების საფუძველზე.
რაბლეს ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი თემა აღზრდის საკითხია. იგი აკრიტიკებს შუა საუკუნეების თეორიული, აბსტრაქტული სწავლების ფორმებს და მისი პერსონაჟების, გარგანტუასა და პანტაგრუელის მაგალითზე გვთავაზობს ახალ სისტემას, რომელშიც მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებაზე დაკვირვებასა და კრიტიკულ გონებას. მასწავლებელი არ აძლევს მოსწავლეს სრულიად მზა ფორმულებს, მან თავად უნდა მიაგნოს ჭეშმარიტებას დაკვრვებისა და აზროვნების წყალობით, .. სწავლება გამოცდილებაზე უნდა იყოს დამყარებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მორალურ აღზრდას, რადგანმეცნიერება სინდისის გარეშე სულის ნგრევაა.“ რაბლესეული აღზრდის საფუძველი არის ადამიანისადმი რწმენა. რწმენა იმისა, რომ ადამიანი არის კეთილი და მისი ბუნება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ და თანაზომიერად განვავითაროთ სული, გონება და სხეული. არ შეიძლება თეორიისა და პრაქტიკის, გონებისა და გრძნობის, ჭკუისა და ემოციის ერთმანეთისგან გათიშვა. ადამიანი ყოველივე ამის ჰარმონიული ნაზავიარაბლე აკრიტიკებს ფეოდალურ სისტემასაცსაფრანგეთის კათოლიკური ეკლესიისა და პაპის ამბიციური პოლიტიკა მეფის ხელისუფლებას ავიწროვებს. ქვეყანას უნდა ჰყავდეს გონიერი, განათლებული და ჰუმანური მეფე. საჭიროა ხალხსა და მეფეს შორის თანხმობა არსებობდეს, ამის გაკეთება კი ღვთაებრივი წარმომავლობის მეფეს არ შეუძლია.
 რაბლე დაუპირისპირდა ეკლესიასაც, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ქადაგებდა. მან მოუწოდა ხალხს თავი დაენებებინათ იმ წესებისთვის, რომლებიც  რელიგიამ ბიბლიაში არსებულ ათ მცნებას დაუმატა. ყოველივე ამან გამოიწვია მისი რელიგიური შეხედულებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მას ათეისტად მიიჩნევს, ზოგი რეფორმატორადევანგელისტად ან დეისტად. ფაქტი ისაა, რომ რაბლეს პერსონაჟები ხშირად მიმართავენ ღმერთს, ლოცულობენ, მაგრამ ღმერთი იშვიათად ერევა მათ საქმეში და გმირებს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ თავად მოიპოვონ ბედნიერება. რაბლეს აზრით ადამიანმა თავისი ბედი თვითონ უნდა შექმნას. ადამიანში ღვთაებრივი სიკეთეა და თუ მას თავისუფლებას მივცემთ, მაშინ ეს სიკეთე თავს იჩენს. ამიტომ ილაშქრებს ასკეტიზმის წინააღმდეგ და მომხრეა იმისა, რომ ადამიანმა იცხოვროს ბუნებასთან თანხმობაში, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და იბრძოლოს ბედნიერებისთვის. რაბლეს ნაწარმოებები სალაპარაკო და გასაგები ენითაა დაწერილი. იგი თავისუფლად ხმარობს უცხო ენებს და თავადაც იგონებს ახალ ენებს. თავის ნაწარმოებებში ყოველთვის თავს არიდებს დიდაქტიზმს და მიზანს ხუმრობით აღწევს. მისი იუმორი სამყაროს ხალისიანი ხედვიდან გამომდინარეობს. ის ადამიანი, ვინც სიცილი არ იცის საშიშია, რადგან არ შეუძლია საკუთარ თავს ირონიით შეხედოს, ეჭვი შეიტანოს საკუთარ საქციელში. არ იცინო ნიშნავს დაემსგავსო ცხოველს. სახუმარო ტონს  სატირაც ენაცვლება, განსაკუთრებით  მღვდლებისა და თეოლოგების მიმართ. ყოველივე ეს წარმოშობს კომიკურს და მიმართულია ყოველივე იმის საპირისპიროდ, რაც აფერხებს ადამიანის შესაძლებლობების გაფურჩქვნას. ამგვარად, რაბლეს ნაწარმოებებში საქმე გვაქვს  ჰუმანისტურსიცილთან.
ფრანსუა რაბლეს გასაოცარი წიგნის, "გარგანტუა და პანტაგრუელის" არსის გაგება თუ გვსურს, სწორედ პანტაგრუელიზმს უნდა ჩავუკვირდეთ - კეთილი გოლიათის, რომანის მთავარი გმირის, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. თავად ავტორი პანტაგრუელიზმს განსაზღვრავს როგორც "სიღრმისეულსა და დაუძლეველ სიცოცხლისმოყვარეობას, რომლის წინაშეც ყოველივე წარმავალი უძლურია". იმავდროულად, სხვადასხვა გამოკვლევასა თუ ენციკლოპედიაში შემდეგნაირ ფორმულირებებს შეიძლება შეხვდეთ: "ეს არის უნარი, იყო მხიარული, ბრძენი და კეთილი"; "ესაა სკეპტიციზმისა და უდარდელობის სისტემა"...  თუმცა საქმე ასე მარტივად სულაც არ არის. ყოველი ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი, დაწურული ფორმულირება, მით უფრო, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ მრავალგანზომილებიან, მრავალსახოვან და არაორდინარულ წიგნთან, როგორიცაა ფრანსუა რაბლეს ხსენებული რომანი, შეცდომის დაშვების რეალურ საშიშროებას შეიცავს. საშიშროებას იმისა, რომ მკითხველს მხატვრულ ნაწარმოებზე არაადეკვატურ, სულაც გაპრიმიტივებულ წარმოდგენას შეუქმნის. პანტაგრუელიზმი რთული, კომპლექსური მოვლენაა. მისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, მახასიათებელი და შეიძლება ითქვას, მძაფრი იარაღი - სიცილია! ამ სიცილში არ იგულისხმება უბრალოდ იუმორი ანდა სატირა, არამედ ეს გახლავთ სახალხო დღესასწაულის, კარნავალის სტიქია - დღესასწაულისა, რომლის დროსაც ყველა ტაბუ და აკრძალვა დროებით უქმდება და კარნავალის მონაწილე ადამიანი თავდავიწყებას ეძლევა.    თუმცა სიცილს რაბლეს რომანში ასე ვთქვათ, დამატებითი ფუნქციაც აქვს, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, შემეცნებითი დანიშნულება აქვს მინიჭებული, იგი გონებას წმენდს გაქვავებული დოგმატიზმისგან, საშუალებას აძლევს ადამიანს, გათავისუფლდეს ფსიქიკური აფექტებისგან, რომლებიც სამყაროს შეცნობაში ხელს უშლის. საერთოდაც, სიცილი ადამიანის ბუნებრივი უნარი და მდგომარეობაა, რომელიც ევროპელს, თავის დროზე, შუა საუკუნეებში, დაკარგულიც კი ჰქონდა, და აუცილებლად უნდა  დაებრუნებინა. ამ საქმეში მას რაბლეს წიგნმა არაჩვეულებრივი, ფასდაუდებელი დახმარება გაუწია. რაბლეს წიგნში სიცილს ამბივალენტური ხასიათი აქვს, ის ნამდვილად  არაერთმნიშვნელოვანია, ერთდროულად ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც, დამცინავიც და ამამაღლებელიც, ოღონდ "გარგანტუა და პანტაგრუელის" ადეკვატური გაგებისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე და შუა საუკუნეების ადამიანის სტერეოტიპები, შაბლონური წარმოდგენები, სააზროვნო კლიშეები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. ამიტომ ის, რაც რაბლეს რომანში დღეს უხეშ ნატურალიზმად აღიქმება, თავის დროზე, სრულიად სხვანაირად ესმოდათრაბლეს შემოქმედების მკვლევართ ძალიან დიდხანს მიაჩნდათ, რომ ავტორი  ნოვატორია, ებრძვის ყოველივე დრომოჭმულს, რომ წიგნი თავისთავად წარმოადგენს ფრანგული აღორძინების ენციკლოპედიურ ძეგლს, ფრანგი ხალხის ერთგვარ ეროვნულ ეპოპეას, რომელშიც ალეგორიულად აირეკლა საფრანგეთის საზოგადოების სხვადასხვა ფენის ყოფა-ცხოვრება. რომანის ლიტერატურული საფუძვლები: იგავები, ანდაზები, თქმულებები თუ ლეგენდებიჟანრული სურათები, ზღაპრული გმირები თუ ფანტასტიკური პერსონაჟები ხალხური შემოქმედებიდან, ფოლკლორიდან არის ნასესხები. რომანის ენაც, ძირითადად, ხალხურია. ამ ყველაფერმა განაპირობა რაბლეს ქმნილების წარმოუდგენელი პოპულარობა ხალხში და ეს დღემდე გრძელდებამეცნიერებს მიაჩნდათ, რომ რაბლე ამხელს საზოგადოებრივი მოწყობის მანკიერ მხარეებს, თავს ესხმის კათოლიკურ ეკლესიას, მაგრამ იგი არა მხოლოდ დასცინის ყოველივე იმას, რაც, მისი აზრით, გასაკიცხია, არამედ აქვს ერთგვარი პოზიტიური პროგრამაც. ამის ნიმუშად მოჰყავთ ხოლმე უკვე ნახსენები თელემის სააბატოს ეპიზოდი და რომანის ის ნაწილი, რომელიც პანტაგრუელის აღზრდას ეხება - ანუ ავტორის წარმოდგენები პროგრესული პედაგოგიკის თაობაზე, რაც სქოლასტიკურ განათლებას უპირისპირდება, უმთავრესად ტექსტების დაზეპირებას რომ გულისხმობდა. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია, რომ  თურმე, თავის დროზე, რაბლეს პედაგოგიკური შეხედულებების განხილვას ილია ჭავჭავაძემ საგანგებო წერილი მიუძღვნა. მოკლედ რომ ვთქვათ, ანბანურ ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა: თავისი წიგნით რაბლე ამკვიდრებს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების რენესანსისეულ იდეალს. და საერთოდაც, რაბლე ჰუმანიზმის მეხოტბე და მქადაგებელია. თუმცა პოსტმოდერნისტული ეპოქის მკვლევრებმა რაბლეს წიგნის ასეთი ცალსახა გაგება ეჭვქვეშ დააყენეს. მათ ყურადღება მიაქციეს იმას, თუ როგორ აღწერს ავტორი იმავე თელემის სააბატოსა თუ პანტაგრუელის აღზრდა-განათლებას. და მართლაც, ეს ყველაფერი აბსურდია, თავიდან ბოლომდე პაროდიული თამაშია.   ლიტერატორებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ რაბლე, სინამდვილეში, ყველაფერს დასცინის,– მათ შორის, რენესანსის იდეალებსაც; ანუ მისთვის ცალკე აღებული ადამიანი სულაც არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულ ღირებულებას, და სინამდვილეში არც პროგრესის იდეას ცნობს. ყველაფერი, რაც ხდება, მისთვის ერთნაირად აბსურდულია. კაცობრიობის ცხოვრება წინსვლა კი არ არის, არამედ უაზრო სიარული წრეზე - მოჯადოებულ წრეზე.  რაბლეს სახელგანთქმული რომანი თავიდან ბოლომდე ირონიულია და ეს ირონია, გროტესკი, პაროდიულობა, ეს აბსურდის ფეიერვერკი თავისთავადია და ყოვლისმომცველი.  ამ მხრივ, "გარგანტუა და პანტაგრუელი" არაჩვეულებრივად თანამედროვე, შეიძლება ითქვას, პოსტმოდერნისტული რომანია. და მით უფრო საინტერესო და ახლობელია ჩვენთვის, XXI საუკუნის ადამიანებისთვის. 
რაბლესთვის სასაცილოა საგნების გაკერპება, მაგრამ ის ამ სიცილისთვის მადლიერია, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ზარს ან სხვა ეკლესიურ ნივთს ამხელა ღირებულებას გულწრფელად ანიჭებს, ამ გულწრფელობის გამო დიახაც, მადლიერებას იმსახურებენ (სიცილსაც,რა თქმა უნდა). ომი, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობა მიიღო, ძალიან სასაცილო მიზეზით იწყება (ისე,როგორც ომების უმრავლესობა). კერძოდ, გარგანტუას მწყემსები და გამვლელი ხაბაზები ვერ შეთანხმდებიან ნაზუქების ყიდვის საკითხზე. ჩვენ ამ ისტორიაზე გვეცინება, მაგრამ რატომღაც არცისე სასაცილოდ მიგვაჩნია პირველი მსოფლიო ომი, რომელიც კაცმა არ იცის მართლა რატომ დაიწყო, ვიცით, რომ იმ პერიოდის კაცობრიობა ომისთვის ემზადებოდა და პატარა ნაპერწკლის გაჩენა, სულ პატარა მიზეზი უნდოდათ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო-ხაბაზებს საჩხუბარი მიზეზი უნდოდათ, ოღონდ კაცმა არ იცის რისთვის უნდოდათ ეს ჩხუბი, განა მაგის დრო ჰქონდათ? წასულიყვნენ ბაზარში, გაეყიდათ პატიოსნად და მევენახეებისთვისაც მიეყიდათ,მით უმეტეს,რომ ისინიც საბაზრო ფასს სთავაზობდნენ, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო, ომი უნდა დაწყებულიყო, რადგან მიზეზები, რომლებიც იწვევს ომის წამოწყებას, რაბლეს სიცილის სიბრძნე- მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს წიგნი, რომელსაც არ ჰყოლია მსგავსი სიუჟეტის მქონე წინაპარი. ეს არის წიგნი, რომელიც სიყვარულით (და არა სიძულვილით) დასცინის მთელს კათოლიკურ სამყაროს, მაგრამ მისი ავტორი ბერია, ეს ის წიგნია, რომელიც მსოფლიო ისტორიის უგანსაკუთრებულეს პერიოდში, გაქანებული ინკვიზიციების დროს და პროტესტანტული მიმდინარეობის ჩამოყალიბების კვდალდაკვალ დაიწერა. გაუგებარია ,რა ძალის მეოხებით გადაურჩა ავტორი კოცონზე დაწვას და როგორ მოაღწია ამ აკრძალულმა წიგნმა ჩვენამდე, მით უფრო გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს რაბლე და იწონებდეს ქრისტიანულ სამყაროს თავისი სისხლისმღვრელი წარსულით.  ეს არის წიგნი უუნარო სისტემაზე, სიბრმავეზე, კაცობრიობის გადაგვარებულ გონებაზე და განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობაზე. ფრანსუა რაბლე, მე-16 საუკუნის შემოქმედი, ამ დროის ყველაზე გაბედული პიროვნება, ყველაზე გამორჩეული მწერალი, აგერ უკვე საუკუნეებია, სულ უფრო თანამედროვე ხდება და თუ კაცობრიობის გონებრივ და საქმით გამოვლენილ მიმართულებებს მივიღებთ მხედველობაში, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ,რომ ჩვენდა სამწუხაროდ,კიდევ უფრო მორგებული გახდება მომავალ დროზე. ფრანსუა რაბლე ცხოვრობდა იმ ბობოქარ და შემართებით აღსავსე ეპოქაში, რომელსაც აღორძინება ეწოდება. აღორძინების ეპოქა დასავლეთ ევროპაში მე-15,მე-16 საუკუნეებს მოიცავს. ამ პერიოდში სწრაფ განვითარებას იწყებს ბურჟუაზია, რომელსაც უკვე აღარ აკმაყოფილებს შუა საუკუნეებში გამეფებული რელიგიური მსოფლმხედველობა და ქმნის ახალ საერო მეცნიერებას, რომელიც ემყარება ბუნების და ანტიკური ხანის მწერალთა შესწავლას. ასე დაიწყო ანტიკური ანუ ბერძნული და რომაული მეცნიერებების და ფილოსოფიის აღორძინება,რისთვისაც მთელს ამ პერიოდს რენესანსი ანუ მეცნიერების და ხელოვნების აღორძინება ეწოდება. მეცნიერები შეუდგნენ მივიწყებული ლიტერატურული ძეგლების შესწავლას, რომლებიც ხშირად უმეცარი ბერების გამო იყო დაზიანებული, კათოლიკური ეკლესია პირველად გახდა სეროზული კრიტიკის საგანი, დაიწყო ეკლესიის რეფორმაცია ანუ პროტესტანტობა. პროტესტანტები არ ცნობენ პაპს, ბერ-მონაზვნობას და ეკლესიის ძალაუფლებას. იგრძნო რა საფრთხე, კათოლიკურმა ეკლესიამ შესაბამისი ზომები მიიღო ოპოზიციური ფრთის წინააღმდეგ: დაწესდა ბერთა ახალი ორდენები და შემოღებულ იქნა საგანგებო საეკლესიო სასამართლო-ინკვიზიცია ერეტიკოსთა საქმეების გამოსაძიებლად. ინკვიზიცია საკუთარი აზრის ყოველგვარ გამოვლინებას უკიდურესად ებრძოდა. მას შემდეგ,რაც ასობით ერეტიკოსი კოცონზე დაწვეს, გერმანიასა და ნიდერლანდებში გაჩაღდა ომი პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, რომელიც ჯერ ინგლისს და საფრანგეთს მოედო, ხოლო თანდათან მთელს ევროპაში სისხლის მდინარეებმა იფეთქა. სწორედ ამ ბობოქარ დროში გაჩნდა რაბლეს რომანი-ვაჟკაცობის, გამბედაობის და თავისუფლების ნიმუში, რომელიც სიცილის მახვილით ებრძოდა დრომოჭმულ, დოგმატურ, ცრურწმენებით აღსავსე უმეცრებას და თვითნებობას. თავის ქმნილებას რაბლემ საფუძვლად დაუდო ხალხური ზღაპარი ბუმბერაზ გარგანტუაზე. წიგნის დასაწყისში მწერალი მართებულად ადარებს თავის ნაწარმოებს სილენებს ანუ ძველებურ ზარდახშებს,რომელთა უცნაური და სასაცილო გაფორმება ფასდაუდებელ განძს ნიღბავდა. რაბლე 16 წის ასაკში ოჯახის წევრთა ინიციატივით ბერად აღიკვეცა. მონასტერი, სადაც რაბლე მოღვაწეობდა, ფრანცისკელთა ორდენს ეკუთვნოდა. ფრანცისკელ ბერებს უფლება არ ჰქონდათ მეცნიერება შეესწავლათ ან ნებისმიეირ წიგნი (გარდა საღვთისმეტყველოსი) წაეკითხათ და თუ კითხვა არ იცოდნენ, მით უკეთესი მათთვის, არც კითხვის სწავლას გაპატიებდნენ იმ გამონაკლისის გარდა, თუ ის ბერად აღკვეცამდე გქონდა ნასწავლი. რაბლე ამ წესდებებს არ ემორჩილებოდა-მან ჩუმად შეისწავლა ფილოსოფოსთა და პოეტთა თხზულებები, ლათინური და ბერძნული ენები და როცა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ბერის ცხოვრებას ვერ შეეგუებოდა, მონასტრიდან გაიქცა. პანტაგრუელის მსგავსად, რაბლე საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ლექციებს ესწრებოდა და შესანიშნავად შეისწავლა მედიცინა, მან მუშაობა დაიწყო ამ სპეციალობით და მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი. „გარგანტუა და პანტაგრუელი“ რაბლემ ნაწილ-ნაწილ გამოსცა. მიუხედავად იმისა,რომ საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, წიგნი კათოლიკურმა ეკლესიამ სასტიკად აკრძალა, როგორც მავნე და რელიგიიის საფუძვლების შემრყევი წიგნი. რაბლე აღწერს სამყაროს, რომელშიც სიცილი და ტირილი ერთმანეთთანაა შეზავებული. წინასიტყვაობაში მწერალი მოგვიწოდებს, რომ კითხვისას დავემსგავოთ იმ ძაღლს, რომელიც სასოებით უდარაჯებს ძვალს, რათა ერთი წვეთი ტვინი გამოსწოვოს: “თქვენ იმ ძაღლს უნდა მიბაძოთ,გრძნობა დაიჩემოთ, დაყნოსოთ, განიცადოთ და დააფასოთ ეს შესანიშნავი, გემრიელი წიგნები, რათა მერე, ბეჯითი კითხვისა და გულდამჯდარი ფიქრის შემდეგ, გატეხოთ ძვალი და გამოწუწნოთ იქიდან ტვინის სუბსტანცია ანუ ის, რასაც მე ვგულისხმობ ამ პითაგორასეული სიმბოლოთი“-გვირჩევს ავტორი. ამ წიგნში აღწერილია სამყარო, რომელშიც სიცილი და ტირილი ერთმანეთთანაა შეზავებული. ეს რომანი არის გიგანტებზე,კეთილ ბუმბერაზებზე, რომლებიც თავიანთ სიდიდეს და ძალაუფლებას კაცობრიობის დიდი ნაწილივით კი არ იყენებენ, ისინი თავს უყადრებენ ლილიპუტებს ანუ ჩვეულებრივ ადამიანებს და არცთუ იშვიათად,დიდ წყალობასაც უყოფენ. გარგანტუა-ერთ-ერთი მთავარი გმირი, პანტაგრუელის მამა, გრანგუზიეს ვაჟი, კეთილი გარგანტუა, დაბადებისთანავე ჭამას და ალკოჰოლს ეძალება. მამა გრანგუზიე მას მეცნიერს და მაგისტროსს, ტუბალ ოლოფერნს მიაბარებს,რომელმაც 13 წლის მანძილზე გარგანტუას დააზუთხვინა ლათინური გრამატიკა, ლოცვანი და საეკლესიო კალენდარი. გარგანტუა ამ უშედეგო ცოდნამ სულ გამოაყეყეჩა, იმიტომ რომ სასულიერო განათლება ადამიანს ღირებულს ვერ აძლევს. როცა ვაჟა-ფშაველა თელავში სასულიერო განათლებას იღებდა, მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შემატა, ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა. უვარგისი სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას,ვერ აწდვდიდა ნოყიერს საზრდოს“. ბუნებრივია, რომ არანაირ საზრდოზე და თანაც ნოყიერზე არაა საუბარი იქ, სადაც დოგმები, შეზღუდვები და განსხვავებული აზრისადმი მკაცრი ცენზურაა გამეფებული, რაბლემ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა და გარგანტუასაც გამოაცდევინა, მაგრამ გამოსავალიც გვაჩვენა-გამოსავალი იყო პინოკრატი, გარგანტუას ახალი მასწავლებელი, რომელთან ერთადაც გარგანტუა პარიზში გაემგზავრა განათლების მისაღებად. მათ გზად გადახდებათ ერთი ისტორია, რომელიც მკითხველს იუმორის თვალსაზრისით ძალიან ხიბლავს-გარგანტუას მოეწონება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განთქმული ზარები, მოხსნის და თავის ცხენს ჩამოჰკიდებს ზანზალაკად, პარიზს თავზარი დაეცემა და დიდი ბჭობის შემდეგ მიუგზავნიან ღვთისმეტყველების უპატივცემულეს წარმომადგენელს-მაგისტროს იანოტეს დე ბრაგმარტოს. გარგანტუა კი თავის მასწავლებელთან ერთად გადაწყვეტს, რომ ზარები მანამ დააბრუნონ,სანამ მაგისტროსს მასპინძლობით და სასმლით ართობენ, არა იმიტომ რომ ეშინიათ, გარგანტუას არ აქვს მიზეზი ვინმესი ეშინოდეს, რადგან ბუმბერაზია, უბრალოდ მაგისტროსის გამასხარავება უნდა. როცა ეს უკანასკნელი მაღალფარდოვან სიტყვას წარმოთქვამს, თუ რატომ უნდა დააბრუნოს გარგანტუამ ტაძრის ზარები, ის და მისი მასწავლებელი სიცილით იხოცებიან. ამ სიცილის გამო ისინი მადლიერნი არიან სტუმრის და საჩუქრად გაატანენ 25 კასრ ღვინოს, ბატის ბუმბულის სამ ლეიბს,ღრმა ჯამს, შეშას და სოსისს  არაფრით აღემატება ხოლმე ამ დონის გაუგებრობებს. ნაწარმოებში ჩემთვის და ბევრისთვის გამორჩეული და საყვარელი პერსონაჟია მამა ჟანი, ბერი, რომელიც ყველაზე განსხვავებული ბერია, ვინც კი ოდესმე გვინახავს ან წარმოგვისახავს-მამა ჟანი გარგანტუას ყურადღებას იმით მიიქცევს, რომ სააბატოს ვენახს მტრისგან მთელი რუდუნებით დაიცავს, იმხელა გულმოდგინებას იჩენს, რომ ჯვარს სწორ ნაწლავშიც კი გათხრის მუხანათ მტერს. ეს პიროვნება ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, ბერის კვალობაზე ძალიან არადოგმატურია, ბუნებრივია-ყოველთვის ისე იქცევა, როგორიც არის შინაგანად, იმპულსურია და რაც მთავარია-გულწრფელი. ახლავე დაგიმტკიცებთ,რომ გულწრფელია, აი მისი ერთ-ერთი ფრაზა: “კუჭი ძლიერი მაქვს, იგი ცარიელია, ვითარცა წმ.ბენედიქტეს ფეხსაცმელი და მუდამ ღიაა,ვით ვექილის ხურჯინი“. გინახავთ ბერი,რომელიც ამბობს ღორმუცელა ვარო? მამა ჟანი სწორედ ასეთია, ამიტომ მისი სახით რაბლემ ბერების დამალული ზრახვები გაგვიმჟღავნა ანუ ადამიანებისა, რომლებიც გარეგნულად სხვა სახეს იღებენ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასეთები არიან, თუმცა პატიოსნად რომ აღიარონ ასეთები ვართო, ეს სასაცილო იქნება, სასაცილო კი ყოველთვის პოზიტიურია. არისტოფანე გავიხსენოთ-აროსტოფანე თავის კომედიებში დასცინის სახელმწიფო მეთაურებს, ტრადიციებს, ომის მიზეზებსაც სხვათა შორის და უამრავ ადამიანურ მანკიერებას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ აროსტოფანე დგამდა კომედიებს და არა-დრამებს, მას ყელი არ გამოჭრეს, მას მკაცრი ცენზურა არ შეეხო, უფრო მეტიც-ადამიანები, რომელთაც ის დასცინოდა, უყურებდნენ წარმოდგენას და სიცილით კვდებოდნენ საკუთარ თავზე, ასე რომ,სიცილით მიწოდებული მხილება უფრო ბრძნულიც არის, უფრო იშვიათიც და უფრო გამართლებულიც ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით. ერთხელ, როცა გარგანტუა მსჯელობს, თუ რატომ არიან ბერები ყოველგვარი სიხარულის მტრები, ის ამბობს, რომ ბერები მაიმუნებს გვანან, რომელთაც ადამიანებისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვთ-მაიმუნი ხომ არც სახლს დარაჯობს, არც რძეს გვაძლევს და არც ტვირთს ეზიდება, ბერიც ასევეა-მიწას არ ხნავს,სამშობლოს არ იცავს,ავადმყოფს არ მკურნალობს,ხალხს განათლებას არ აძლევს და აბა,საიდან ექნებათ სიხარული,თანაც ისეთი, რომ სხვებსაც უწილადონ? როცა გრანგუზიე ეკითხება შვილს, ისინი ხომ ჩვენთვის ლოცულობენო, გარგანტუა პასუხობს: „ისინი მხოლოდ გულს უწვრილებენ მეზობლებს თავიანთი ზარების ტკაცუნით,უაზროდ ბუტბუტებენ ლოცვებს,რომელთა მნიშვნელობაც თავად არ ესმით“. მამა ჟანი ნამდვილად არის ბერის იდეალი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაამხელს თუ რა სურს ჯილდოდ გამოჩენილი თავდადების გამო. ეს არის ის, რაც მსოფლიო ისტორიის მანძილზე არცერთ სასულიერო პირს თავში აზრად არ მოსვლია და თუ მოსვლია, საერთოდ ხელი აუღია სასულიერო წოდებებზე-უგალავნო მონასტერი, სადაც შესაძლებელი იქნება სასარგებლო წიგნების კითხვა, მუსიკის დაკვრა, გართობა, სეირნობა და კიდევ, აუცილებლად გაიწმინდება ყველა ის ადგილი, სადაც ბერი გაივლის, რადგან ბერ-მონაზვნები, მამა ჟანის თქმით, უვარგისი და საზიზღარი ხალხია, მათი ნაფეხურის კვალი არ უნდა დარჩეს ტალემის სავანეში. ტალემის სავანე არის დემოკრატიული და შემოქმედებითი სკოლა-მონასტერი, რომელსაც არასოდეს უარსებია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ისეთი სახით,როგორც რაბლეს და არაერთ რაბლეს იდეების გამზიარებელ გენიალურ მწერალს თუ სხვა დიდ მოღვაწეს უნდოდა. ტალემის სავანე ანუ იდეალური მონასტერი აშენდა მამა ჟანის ინიციატივით და მამა ჟანი არის რაბლე, ბერი, რომელიც გაექცა სამონასტრო ცხოვრებას, რადგან იცოდა, რომ ის ვერ გაძლებდა ისეთ ადგილას,რომელიც ტალემის სავანის ანტიპოდი იქნებოდა. პანტაგრუელი პანტაგრუელი მამა გარგანტუას ღირსეული შთამომავალია-ისეთივე კეთილი, სასაცილო და სწავლას მოწყურებული. ის განათლების მისაღებად ჩადის ჯერ პუატიეში, შემდეგ- ტულუზაში, მაგრამ დაინახავს რა, რომ ბერები კოცონზე წვავენ პროფესორს, რომელიც უბრალოდ თვალში არ მოსდით, საერთოდ გაემგზავრება იმ ქალაქიდან. საოცარია ამ ბუმბერაზის შინაგანი ზნეობა-მისი და მამამისის მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით,რომ ერთხელ, პანტაგრუელს, ჭამის დროს, შემთხვევით რამდენიმე მლოცვარი შემოესანსლა. მართალია,გამოიღო კბილის საჩიჩქნი ჩხრით ისე, რომ მათ არაფერი დაუზიანდათ, მაგრამ რაც მთავარია, გარგანტუას ყბაში ათობით ადამიანი ეტევა, მიუხედავად ამისა, ეს გოლიათები თავიანთ ძალას ზიანის მისაყენებლად და ადამიანების დასაჭმელად არ იყენებენ, მაშინ როცა ჩვეულებრივი,პაწაწინა ადამიანები ხედავენ,რომ მათ თავზე დააბიჯებენ ამხელა ძალით მოსილი ბუმბერაზები და ერთმანეთს კოცონზე წვავენ. რატომ? იმიტომ რომ თვალში არ მოსდით ერთმანეთი.  არც გარგანტუას და პანტაგრუელს მოსდით თვალში სასულიერო პირები და არა მხოლოდ, მაგრამ მაინც არ ხოცავენ, იმიტომ რომ ისინი უფრო ადამიანები არიან. პანტაგრუელის გონებას ორმაგი ფსკერი ჰქონდა, ხოლო მეხსიერების ტევადობა ზეითუნის ზეთის 12 კასრს უდრიდა (საინტერესოა, გიგაბაიტებში რამდენი გამოვიდოდა). ერთ მშვენიერ დღეს, როცა პანტაგრუელი სტუდენტებთან ერთად მშვიდად მასლაათობს, ის შეხვდება ადამიანს, რომლის გარეშეც პანტაგრუელი არ იპანტაგრუელებდა-ეს არის პანურჟი, ბძენთა ბრძენი, პოლიგლოტი, თანაც ისეთი პოლიგლოტი, რომ გამოგონილ ენაზეც კი საუბრობს. ასეთი რამ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში რაბლემდე არ მომხდარა, ენის გამოგონება რაბლემ გამოიგონა, პანურჟი ანუ ნაცნობი პლაგიატი რომ მოვიყვანოთ-ფარსმან სპარსი,უიშვიათესი ადამიანია, ის თავს კი უწოდებს პანტაგრუელის მოწაფეს, მაგრამ სინამდვილეში ის მისი მასწავლებელია, ეს ორივეს კარგად აქვს გაცნობიერებული, პანტაგრუელი მას ყოველთვის აზრს ეკითხება და თუ მას მასწავლებლად არ თვლის, მაშინ ის ამას არ გააკეთებდა, ეს მოსწავლე-მასწავლებელი არის 35 წლის, გაურკვეველი წარმოშობის მამაკაცი, რომელიც ფლობს ფილოსოფიურ ქვას (მისივე სიტყვებით) და იმის გამო, რომ ცოლის მოყვანა უნდა, მსოფლიო მასშტბის მოგზაურობა იწყება-ის პანტაგრუელთან ერთად მიდის პასუხის საპოვნელად-რამდენად ღირს ცოლის მოყვანა. პანურჟს სძაგს ღვთისმეტყველები და ხან ნეხვს უყრის მათ ქუდში, ხანაც ანაფორაზე მელიის კუდს გამოაბამს ხოლმე, ტაძარში გულმოდგინე მლოცველებს ისე მიანათებდა თვალებში, რომ მლოცველი შეშინებული იწყებდა სირბილს, პანურჟი კი იდგა, ვითომ არაფერი მომხდარა. მის ქურთუკს 26 ჯიბე აქვს და ყოველთვის ვალები აქვს. პანტაგრუელს არ უყვარს ვალები, მაგრამ პანურჟი ამაშიც გამორჩენას ხედავს, ის ამბობს:“ როდის აღარ მექნება ვალები?ეს მოხდება როდინობის კვირაში, ესეიგი მაშინ,როცა ყოველი კაცი ყველაფრით კმაყოფილი იქნება. მთელი ჩემი დღენი ვალები მიმაჩნდა ცისა და დედამიწის დამაკავშირებელ ჯაჭვად. სამყარო უვალოდ! ასეთ სამყაროში შეუძლებელი იქნება ციურ მნათობთა სწორი მსვლელობა“. პანურჟის აზრით, თუ ადამიანებს ერთმანეთის ვალი არ ექნებათ, ისინი არც საშველად მივლენ ერთმაეთთან წყალდიდობის და ხანძრის დროს. რაბლე თვლის, რომ კაცობრიობა თუ ზოგჯერ დახმარების ხელს უწვდის ერთმანეთს, ამაშიც გამორჩენა და ანგარება დევს და ეს ნამდვილად ასეა. მოგზაურობა კუნძულებზე სიბრძნის საძებნელად-ამ მოგზაურობაში ჩვენი განსაკუთრებული ადამიანები ასევე განსაკუთრებულ ადამიანებს ხვდებიან. გზად რამდენიმე კუნძულს გაივლიან, ერთ-ერთ კუნძულს ნათესავების კუნძული ჰქვია,რადგან აქ ყველა ისე ეპრყობა ერთმანეთს, როგორც ნათესავს და სჯერათ კიდეც რომ ნათესავები არიან (როგორი ქართული სიტუაციაა თუ ამჩნევთ?), მაგრამ სინამდვილეში არაფერი აკავშირებთ, გაივლიან დავაქრების კუნძულს,სადაც მოსახლეობა თავს იმით ირჩენს, რომ თავს აცემინებენ (ნათელია, ადამიანთა რა კატეგორიაზეა საუბარი), გაივლიან მაკრეონების კუნძულს-აქ დაბურულ ტყეში ძველი გმირები და ბრძენები ცხოვრობენ და როცა ვინმე გარდაიცვლება, ტყიდან სასოწარკვეტილი მოთქმა მოისმის, დედამიწაზე კი გაჭირვება და გაჩანაგება ისადგურებს. მოგზაურები გაივლიან ფარუშის კუნძულს ანუ ძეხვების სამემკვიდრეოს, სადაც პანტაგრუელი თავიანთი მოსისხლე მტერი,დიდმარხვა ეგონებათ და მის წინააღმდეგ საბრძოლველად დაირაზმებიან, მაგრამ პანტაგრუელის და დედოფლის მოლაპარაკების შედეგად დარწმუნდებიან, რომ დიდი მხოლოდ მარხვა არ არის. პანტაგრუელი გაივლის რუახის ანუ ქარაფშუტების კუნძულს-ეს არის ადგილი,სადაც ჰაერით ცხოვრობენ, ჰაერით იკვებებიან, მდიდრები კი ქარის წიქვილებით, დაავადებებს აქ გამჭოლი ქარით მკურნალობენ. შემდეგ მიადგებიან პაპფიგების კუნძულს, ოდესღაც აქაური ხალხი თავისუფალი და მდიდარი ყოფილა, ახლა კი ღარიბი,უბედური და პაპიმანებს დამორჩილებული ხალხია, რადგან ერთხელ პაპიმანების კუნძულზე მათ დიდიება არ მიაგეს პაპის პორტრეტს და ამგვარად დაისაჯნენ. ნათელია, რომ პაპფიგებში იგულისხმება საეკლესიო ცენზურით დაჩაგრული ყველა ადამიანი, ვინც ქრისტიანობას ამოფარებული რელიგიის დიქტატორულ რეჟიმს შეეწირა. პაპიმანების კუნძულზე პანტაგრუელს ისე მიიღებენ, როგორც წმინდანს, რადგან პანტაგრუელს არაერთხელ უნახავს პაპი პირისპირ. ამის გამო მას ფეხებზე კოცნიან, ასევე სცემენ თაყვანს პანურჟსაც, რომელიც ამ ამაზრზენი ფანატიზმით პირდაპირ რეტდასხმულია. ამ კუნძულზე პაპს მიწიერ ღმერთს უწოდებენ და ზეციურ ღმერთს უტოლებენ, ასევე განადიდებენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თვალი შუვლია პაპისთვის და გადაწყვეტილი აქვთ, რომ როგორც კი პაპი მათ იკადრებს და ესტუმრება, აუცილებლად საჯდომი დაუკოცნონ. ბოლოსდ), მაგრამ ამ დროს ვლინდება მხოლოდ ერთი რამ, რომ ჩვენ არ გაქვს ცოდნა,რომ ჩვენ არ ვიცნობთ რაბლეს, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც თავის გულში გაიფიქრებს ამის წაკითხვის შემდეგ, რომ ის ყველა აქ ჩამოთვლილ და კიდევ რამდენიმე არნახსენებ კუნძულს გაივლიდა, გარისკავდა საკუთარი სიცოცხლით ცოდნის შესაძენად, მაშინ რაბლე ცოცხალია და ის თქვენით ამაყობს. და ბოლოს, ჩვენი გმირები მიაღწევენ ჯადოსნური ბოთლის მისანთან, რომელმაც უნდა გაუმხილოს პანურჟს, ღირს თუ არა ცოლის მოყვანა. ბოთლიდან პანურჟი გაიგონებს სიტყვას-„ტრინკ“, რომლის მნიშვნელობაა-‘დალიე’. როგორც მისანი განმარტავს, პანურჟმა უნდა დალიოს ცოდნა. ის ამბობს: „მხოლოდ ცოდნა გამოგიყვანთ უმეცრების წყდიადიდან, ცრურწმენისა და ცრუ შეხედულებებისან, გაგათავისუფლებთ, ახალი, საოცარი ცხოვრებისთვის გამოგაღვიძებთ. ჭეშმარიტი ცოდნა გაგამხნევებთ და გაგამართლებთ, დაღლილობასა და მოწყენილობას გაგიფანტავთ, ავადმყოფობას განდევნის და ბუნების იდუმალ და ამოცნობ ძალთა მართვას განსწავლით“. პასუხი ნათელია-პანურჟმა ცოლი უნდა მოიყვანოს მაშინ, როცა ცოდნის გზას დაადგება და კარგისა და ცუდის გარჩევას ისწავლის.

ეპოქალური მნიშვნელობისა იყო რაბლესათვის ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონს“. რომანის გავლენა  მის ნაწარმოებსაც ეტყობა, თავის მხრივ ბოკაჩო პეტრარკას გავლენას განიცდიდა. თუმცა საერთო მაინც ბევრი აქვს ამ ორ ნაწარმოებს, სტილისტურად ორივე მსგავსია, დეკამერონის მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. რაბლეს  რომანისა და მწერლის აზროვნების განხილვისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ასევე მათ, რომლებმაც მასზე და მის შემოქმედებაზე იქონიეს დიდი ზეგავენა. ესეთად შეიძლება მივიჩნიოთ რენესანსის პერიოდის ნიდერლანდელი ჰუმანისტი კათოლიკე ქრისტიანი თეოლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, მთარგმნელი და მწერალი ერაზმ როტერდამელი. ერაზმ როტერდამელმა უარყო შუა საუკუნეები სწავლააღზრდის სისტემა. გამოსცა «ახალი აღთქმა» ბერძნულ ენაზე, დაურთო საკუთარი ლათინური თარგმანი, რომელიც საფუძვლად დაედო ლუთერის ბიბლიის თარგმნას. გამოსცა ანტიკურ ავტორთა და ეკლესიის მამათა კრიტიკული ჟანრის თხზულებები. ჰუმანისტური იდეები ლიტერატურაში ყველაზე უფრო სრულყოფილად ერაზმ როტერდამელმა გამოხატა. ერაზმ როტერდამელის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებია სქოლასტიკის წინააღმდეგ მიმართული სატირა – "ქება სისულელისა", რომელშიც იგი ამხელს გაბატონებული ეკლესიის მანკიერებას, შუასაუკუნეობრივ ჩამორჩენილობას, უმეცრებას, აკრიტიკებს მთავრებსა და ომისმოყვარე თავადებს. ერაზმ როტერდამელის მიზანი იყო ანტიკურობის და ქრისტიანობის სინთეზით ქრისტიანული ჰუმანიზმის დაფუძნება. თავის თვალსაზრისს მან «ქრისტეს ფილოსოფია» უწოდა. მისთვის უმთავრესი იყო ადრინდელი ქრისტიანობის აღორძინება და ამასთან დაკავშირებით ანტიკური მეცნიერებისა და ხელოვნების დაფასება.  მსგავსი ფილოსოფის თანამოზიარე იყო ასევე  რაბლეს  თანამედროვეე, ფრანგი  ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მორალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, თანამედროვე  ესეს ჟანრის ფუძემდებელი მიშელ ეიკემ დე მონტენი. ფრანგულ ლიტერატურაში მონტენი ბაროკოს წარმომადგენლად ითვლება. მისი აზრით, ადამიანი ცვალებადია და მისი გონება შორსაა უნივერსალურობისგან. ამის მაგალითია ინდივიდებს შორის განსხვავება. მონტენის ასეთი შეხედულება საფუძველს იღებს იმ რეალობიდან, რომელიც XVI საუკუნეშოი არსებობდარენესანსის ეპოქამ რადიკალურად შეცვალა მანამდე არსებული შეხედულებები. ის, რაც მანამდე სტაბილური და შეცნობილი ეგონათ, ჯერ კიდევ შეუცნობელი აღმოჩნდა. მეცნიერულმა აღმოჩენებმა მანამდე წარმოუდგენელი ფენომენები გამოავლინა. ყოველივე ამან დიდი ძვრები გამოიწვია ადამიანის ცნობიერებაში. მონტენი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტება არასტაბილური და შედარებითია, არ არსებობს ფიქსირებული რეალობა. ამგვარმა ცვალებადობამ საფუძველი მისცა მონტენისეულ პესიმიზმს, მაგრამ ამავე დროს ოპტიმიზმსაც ბადებს: თუ ყოველივე ცვალებადია, მაშინ არც ბოროტება იქნება სამუდამო. მონტენი ერთადერთ რჩევას იძლევა: ბუნების მიყოლა, ანუ მასთან ჰარმონბიული ცხოვრება, რადგან ბუნება ყველაზე კარგი წინამძღოლია. ამასთანავე აუცილებელია ადამიანმა თავად გაარკვიოს თუ რა არის მისთვის უკეთესი, გაითავიუსუფლოს თავი სხვებისგან და სხვებიც გაათავისუფლოს თავისგან. არსებობს ცხოვრების მრავალი სხვადასხვაგვარი წესი, მთავარია ადამანმა იცოდეს საკუთარ თავად ყოფნა. მონტენი არ არის რელიგიური ფანატი, იგი მეგობრობს როგორც კათოლიკებთან ასევე პროტესტანტებთან. მონტენისეული აღზრდის სისტემის მთავარი მიზანია საკუთარი თავის ბატონ-პატრონი პიროვნების ჩამოყალიბება. ამ მხრივ აღსანინავია "ესეების" პირველი წიგნის 26- თავი "ბავშვთა აღზრდის შესახებ". მონტენმა იგი შექმნა ერთ-ერთი გრაფის მეუღლის თხოვნით, ამიტომ ის სისტემა, რომელიც აქ გვხვდება უმთავრესად კეთილშობილთა აღზრდას ეხება. მონტენის აზრით საჭიროა ბავშვი კურტუაზიულ წესებს შევაჩვიოთ, რათა იცოდეს საზოგადოებაში თავის დაჭერა. პიროვნებას უნდა ჰქონდეს პრინციპების ერთგულება, მაგრამ არ უნდა გახდეს მათი მონა. მონტენი შუა საუკუნეების სქოლასტიკური აღზრდის წინააღმდეგია. არ ეთანხმება მხოლოდ წიგნზე დამყარებულ სწავლებას, რაც არ ავითარებს კრიტიკულ გონებას. იგი მოითხოვს თეორიას დაემატოს პრაქტიკა, წიგნებს - ცხოვრებასთან პირდაპირი კონტაქტი. უპირატესობას ანიჭებს საგნებზე და მოვლენებზე პირდაპირ დაკვირვებას. ბუნების მიერ შეთავაზებული გაკვეთილი საუკეთესოა. სულიერ აღზრდასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აღზრდასაც. მონტენი დარწმუნებულია, რომ ბავშვში სიკეთეა დამკვიდრებული , რომლის განვითარებისთვის ხელის შეწყობაა საჭირო. ბავშვს უნდა ვასწავლთ გონებით მოქმედება, საკუთარი ინსტინქტების დამორჩილება. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასევე ფილოსოფიას. ეს უკანასკნელი ერთადერთია, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის შეცნობის საშუალებას აძლევს. საჭიროა მასწავლებელმა მოსწავლეს ასწავლოს კარგის და ცუდის გარჩევა, აზროვნება. მაგრამ მოსწავლეს მზა ფორმულებს კი არ უნდა აწვდიდეს, არამედ განსჯის უნარის გამომუშავებაში უნდა ეხმარებოდეს. მონტენის რჩევაა ზეპირობის შეზღუდვა, რადგან, მისი აზრით, ზეპირად ცოდნა ცოდნა არაა. უკეთესია ბავშვმა ცოდნა თავად აღმოაჩინოს, პირადი გამოცდილებით. საბოლოოდ მონტენის მიზანია ამგვარი აღზრდის სისტემით ჩამოყალიბდეს ადამიანის იდეალი: პიროვნება, რომელიც არ არის არც მეცნიერი, არც ერუდიტი, არამედ მოაზროვნე ადამიანი.
მართლაც რაბლეს რომანი, რომელიც რამოდენიმე საუკუნით გასცდა დროს, ის არასდროს დაბერდება მსოფლიო ლიტერატურის გაცნობისას. რომანში განხილული თემები მუდამ აქტუალური იქნება გონების კრიტიკის თვალსაზრისით, თუ ადამიანს სურს განვითარდეს და გაიზარდოს მან ეს რომანი აუცილებლად უნდა წაიკითხოს. გამოიტანოს დასკვნები, შეაფასოს და განიხილოს, შეადაროს ყოველივე, ეზიაროს კლასიკური ირონიის უმაღლეს ეშელონს და დაეუფლოს მას. ეს არის წიგნი, რომელიც გვაძლევს ძალიან ბევრს, ჩანს ჟანსაღი კრიტიკა, კარგად შეფუთული, უწყინარი მეთოდიკით მიწოდებული სარკაზმი და ფასეულობები, რომელთა გადახარისხებასაც ვიწყებთ პრიორიტეტების განსაზღვრის პრინციპით. ეს არის უძლიერესი მხატრული სიტყვა, უშრეტი ფანტაზიის დემოსტრირება, მწრალი, რომელმაც პირველმა აზიარა კაცობრიობა „სიცილის სიბრძნეს“.
 „არც ერთი ღმერთი არ ეტყვის კაცსა, ხვალ-ზეგ ან მას ზეგ მოელის რაცა“

                  ნათია თათარიშვილი

მასალის გამოყენების სურვილის შემთვევაში დამიკავშირდით:
ბიბლიოგრაფია:

ფრანსუა რაბლე, გარგანტუა და პანტაგრუელი, თარგმნ. გურამ გოგიაშვილი, იანუსი, თბილისი, 1991.

ხუთივე წიგნი (“გარგანტუა” პირველი წიგნი  1534 წ., “პანტაგრუელი” წიგნი მეორე 1532 წ., წიგნი მესამე 1546 წ.,  წიგნი მეოთხე 1552 წ., წიგნი მეხუთე 1564 წ.)

სტატია „გარგანტუა და პანტაგრუელი“ - ცხოვრებისეული ფილოსოფია / ირაკლი ლომოური
http://www.kvirispalitra.ge/public/19527-qgargantua-da-pantagrueliq-ckhovrebiseuli-filosofia.html

სტატია „რაბლეს სიცილის სიბრძნე“ / ნინი ხოჯანაშვილი 


ვიკიციტატები 

No comments:

Post a Comment

left a comment :